საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დამტკიცებულია  სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებებით

(2014 წლის 26 ივნისის N3 ; 2014 წლის 9 ოქტომბრის N6; 2015 წლის 5 ოქტომბრის N5; 2018 წლის 12 თებერვლის N1; 2020 წლის 25 დეკემბრის N4  და 2021 წლის 26 მარტის N2  სხდომის ოქმებით)

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. ფაკულტეტის სტატუსი

  1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში „თსუ“) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (შემდგომში „ფაკულტეტი“) წარმოადგენს თსუ-ს ძირითად სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ  ერთეულს, რომელიც აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის ფარგლებში ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და კვლევებს ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით, უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.
  2. ფაკულტეტის ოფიციალური სახელწოდებაა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
  3. ფაკულტეტის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თსუ-ს წესდებითა და  წინამდებარე დებულებით.
  4. ფაკულტეტს აქვს ბლანკი თსუ-ს ლოგოს გამოსახულებით.  ბლანკის გამოყენება ხდება ფაკულტეტის დეკანის დავალებით ან თანხმობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  5. ფაკულტეტს აქვს ბეჭედი და თსუ-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ფარგლებში არსებული სპეციალური განყოფილება.
  6. ფაკულტეტის მისამართია: ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, 0179 თბილისი, საქართველო.

 

მუხლი 2. ფაკულტეტის დებულების მოქმედება

 

  1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ფაკულტეტის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციის სფეროებს, ფაკულტეტის სტრუქტურას, მისი სტრუქტურული და საგანმანათლებლო/სამეცნიერო საქმიანობის განმახორციელებელი ერთეულების საქმიანობის წესსა და უფლება-მოვალეობებს.
  2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება შესასრულებლად სავალდებულოა ფაკულტეტის ყველა სტრუქტურული ერთეულის, პერსონალისა და სტუდენტისათვის.

 

მუხლი 3. ფაკულტეტის ამოცანები

ფაკულტეტის ძირითადი ამოცანებია:

ა) თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი და ხელმისაწვდომი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; კონკურენტუნარიანი და მაღალკვალფიციური სპეციალისტების მომზადება სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე, სხვა, მათ შორის პროფესიული განათლებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;

ბ) ჰუმანიტარულ დარგებში ფუნდამენტური  და  გამოყენებითი  სამეცნიერო  კვლევებითა და სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება;

გ) ჰუმანიტარულ კვლევებში ინოვაციური მიდგომების დანერგვა და მეცნიერული კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირება;

დ) ფაკულტეტის ინტელექტუალური პოტენციალის კონცენტრაცია პრიორიტეტული სამეცნიერო პრობლემატიკის დამუშავებაზე და სამეცნიერო–კვლევითი პროექტების ინიცირება ან/და ხელშეწყობა;  ახალი  სამეცნიერო  პერსონალის  მომზადება;

ე) საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;

ვ)  სტუდენტზე ორიენტირებული აკადემიური გარემოს შექმნა;

ზ)  სტუდენტისა და პროფესორის  პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

თ)  აკადემიური თავისუფლების დაცვა;  

ი)  ცოდნის გენერირება და გადაცემა;

კ) უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.

ლ) სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადსაკაცობრიო დემოკრატიული ფასეულობების დანერგვისა და განვითარებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა.

 

თავი II

ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვა

მუხლი 4. ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვის ორგანოები

  1. ფაკულტეტის მართვა ხორციელდება შემდეგი ორგანოების (მმართველი სუბიექტების) მეშვეობით: ფაკულტეტის საბჭო, ფაკულტეტის დეკანი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
  2. ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის ადმინისტრაცია (დეკანი, დეკანის მოადგილე/მოადგილეები, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი), ადმინისტრაციის შემადგენლობაში არსებული დამხმარე სტრუქტურული ერთეულები,   ფაკულტეტის სასწავლო, სასწავლო-სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი  სტრუქტურული ერთეულები,   რომლებიც ხელს უწყობენ სპეციალისტთა მომზადებას, აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის პირობებში საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზებას, უწყვეტი განათლების ორგანიზებას და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებებით.
  3. ფაკულტეტის სტრუქტურა და სტრუქტურული  ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე დებულებით, რომელსაც ამტკიცებს    თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭო  თსუ-ს წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად.
  4. ფაკულტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის განმახორციელებელი ძირითადი სტრუქტურული ერთეულია სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი (შემდგომში სს ინსტიტუტი (სსი), რომლის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს: კათედრა, სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი, სასწავლო ლაბორატორია, სტუდია,  სახელოსნო. ფაკულტეტზე არსებობს ფაკულტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სტრუქტურულ ერთეულს.
  5. ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია:  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური,  რესურსების მართვის სამსახური, სტუდენტთა მომსახურების ცენტრი, კანცელარია,   კომპიუტერული ცენტრი;
  6. ფაკულტეტის შემადგენლობაში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შეიძლება შედიოდეს   საფაკულტეტო მნიშვნელობის   საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ(ებ)ი.
  7. ფაკულტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის განმახორციელებელი ძირითადი სტრუქტურული ერთეული ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს წინაშე.
  8. ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეული ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის დეკანის წინაშე.     
  9. დადგენილი წესის შესაბამისად ფაკულტეტზე იქმნება: კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისია და საატესტაციო კომისია; (ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 26 მატრის N2  სხდომის ოქმის საფუძველზე)
  10. ფაკულტეტზე მოქმედებს სტუდენტური თვითმმართველობა;
  11. ფაკულტეტზე მოქმედებს „ნორჩ ჰუმანიტართა სკოლა“.

 

მუხლი  5.  სტრუქტურული ორგანოების შექმნისა და გაუქმების წესი

ფაკულტეტის ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნის ან არსებული ერთეულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს  თსუ-ში დადგენილი წესის მიხედვით.

 

 

თავი III

ფაკულტეტის საბჭო

მუხლი 6. ფაკულტეტის საბჭოს ფორმირება

  1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება თსუ-ს წესდებით.
  2. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტზე არსებული ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე არჩეული აკადემიური პერსონალი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
  3. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში  ასევე შედის ფაკულტეტის დეკანი, რომელიც არის საბჭოს თავმჯდომარე.
  4. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო შედგება 38 წევრისაგან. ფაკულტეტის საბჭოში აირჩევა აკადემიური პერსონალი ფაკულტეტზე არსებული სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებიდან. ფაკულტეტის საბჭოში შედიან დეკანი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის ¼-ზე ნაკლები.
  5. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალი აირჩევა ფაკულტეტებზე არსებული სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებში პროფესორების რაოდენობის გათვალისწინებით.
  6. ფაკულტეტის საბჭოში ყველა ძირითად სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულს (სსი-ს) საბჭოში ჰყავს მინიმუმ ერთი წარმომადგენელი.
  7. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოში შედის აკადემიური პერსონალის  27  წარმომადგენელი, 10 სტუდენტი და დეკანი.
  8. ფაკულტეტის საბჭოს წევრების არჩევნების ჩასატარებლად ფაკულტეტზე იქმნება საარჩევნო კომისია.
  9. საარჩევნო კომისიის წევრს არ შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, როგორც ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატმა. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს ფაკულტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.
  10. ფაკულტეტის საბჭოს წევრთა  არჩევნების დანიშვნიდან ერთი კვირის განმავლობაში საბჭოს წევრობის მსურველი აკადემიური პეროსონალი განცხადებით მიმართავს ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას მისი საბჭოს წევრობის კანდიდატად დარეგისტრირების თხოვნით.
  11. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევიან შესაბამისი სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორთა კრებაზე ღია კენჭისყრით.
  12. ყოველ კანდიდატს კენჭი ეყრება ინდივიდუალურად. აკადემიურ პერსონალს შეუძლია ხმა მისცეს არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს; უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი (კანდიდატები) ხდება ფაკულტეტის საბჭოს წევრი. თანაბარი ხმების მიღების შემთხვევაში იმავე სხდომაზე ტარდება განმეორებითი კენჭისყრა.
  13. კენჭისყრის შედეგები ჯამდება სათანადო ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
  14. ფაკულტეტის საბჭოს წევრად არჩეული აკადემიური პერსონალის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილი ვადის შესაბამისად. აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილი ვადის გასვლის ან აკადემიური თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვების შემთხვევაში (დეკანის შემთხვევაში დეკანის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში) პირს უწყდება ფაკულტეტის საბჭოს წევრის სტატუსი. ფაკულტეტის საბჭოს ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ფაკულტეტის საბჭო აცხადებს   ხელახალ არჩევნებს საბჭოს წევრთა არჩევნების ზემოთ წარმოდგენილი პროცედურების დაცვით.  
  15. ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის, ასევე სხვა ფაკულტეტზე მობილობის წესით გადასვლის შემთხვევაში  ავტომატურად კარგავს ფაკულტეტის საბჭოს წევრობის უფლებას.ახალი წევრების წარდგენა და მათი უფლებამოსილების ცნობა ხდება დადგენილი წესით.

 

მუხლი 7. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილებები

ფაკულტეტის საბჭო: 

ა) განსაზღვრავს და თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;

ბ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და  აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს  ფაკულტეტის დებულებას, რომელიც უნდა მოიცავდეს ფაკულტეტის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს თსუ-ს  წარმომადგენლობით  საბჭოს.

დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს.

ე) შეიმუშავებს დორქორანტურის დებულებას და მონაწილეობს საუნიერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულების შემუშავებაში, რომლებსაც დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს; (ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 26 მატრის N2  სხდომის ოქმის საფუძველზე)

ვ)ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ზ) უფლებამოსილია დეკანის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3 მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.  გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს. გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თავისი შემადგენლობიდან ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს.

ი) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის და ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას და დასამტკიცებლად წარუდგენს  აკადემიურ საბჭოს.

კ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე; კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში განსაზღვრავს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის, ადგენს ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას და დასამტკიცებლად წარუდგენს  აკადემიურ საბჭოს.

ლ) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;

მ) შეიმუშავებს დოქტორანტობის კანდიდატებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების/გასაუბრების ჩატარების წესს. 

ნ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე განსაზღვრავს დოქტორანტების სწავლის საფასურის ოდენობას.        

ო) იღებს გადაწყვეტილებას თსუ-ს ეთიკის კოდექსით, შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.

პ)  თსუ-ს აკადემიურ საბჭოს წარუდგენს  კანდიდატურებს თსუ საპატიო დოქტორის, ემერიტუსის წოდების და სხვა ჯილდოების მისანიჭებლად. 

ჟ) მიმართავს უნივერსიტეტის რექტორს დასაბუთებული წარდგინებით აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო–შემოქმედებითი შვებულების გამოყენების თაობაზე.

ჟ1) ქმნის სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს;

ჟ2) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;

ჟ3) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით განსაზღვრავს სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ფარგლებში;

ჟ4) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის;

ჟ5) დეკანის წარდგინებით ამტკიცებს საატესტაციო კომისიას;

რ) ახორციელებს ამ დებულებით, უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;

ს)განიხილავს შესაბამისის/სინსტიტუტის მიერ შერჩეულ სადისერტაციო ნაშრომის რეცენზენტთა კანდიდატურებს და დეკანის წარდგინებით დასამტკიცებლად წარუდგენს საუნივერსიტეტო სადისერტაცი ოსაბჭოს; (ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 26 მატრის N2  სხდომის ოქმის საფუძველზე)

ტ)სადისერტაციო ნაშრომის დაცვის მიზნით შესაბამისი ს/ს ინსტიტუტის რეკომენდაციით შეარჩევს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიას და დეკანის წარდგინებით დასამტკიცებლად წარუდგენს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს;(ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 26 მატრის N2  სხდომის ოქმის საფუძველზე)

უ)ამტკიცებს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის მიერ წარმოდგენილ დისერტაციის დაცვის თარიღს;(ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 26 მატრის N2  სხდომის ოქმის საფუძველზე)

ფ)საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებით, რომელიც, თავისმხრივ, აღნიშნულ საკითხს განიხილავს შესაბამის ს/ს ინსტიტუტში, ამტკიცებს დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელსა და სადისერტაციო ნაშრომის სათაურს დოქტორანტის ჩარიცხვიდან პირველი ორი სემესტრის განმავლობაში;(ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 26 მატრის N2  სხდომის ოქმის საფუძველზე)

ქ)შესაბამისი ს/ს ინსტიტუტის წარდგინებითი ღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტის თემისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის შეცვლასთან დაკავშირებით;(ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 26 მატრის N2  სხდომის ოქმის საფუძველზე)

ღ)შეიმუშავებს სადისერტაციო ნაშრომის ტექნიკური მონაცემების ინსტრუქციას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს;(ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 26 მატრის N2  სხდომის ოქმის საფუძველზე)

ყ)ახორციელებს თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებებითა და ამ დებულებით განსაზღვრულს ხვა უფლებამოსილებებს. (ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 26 მატრის N2  სხდომის ოქმის საფუძველზე)

 

მუხლი 8. ფაკულტეტის საბჭოს ფუნქციონირების პროცედურული საკითხები:

  1. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი. მისი არყოფნის დროს თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს დეკანის მოვალეობის შემსრულებელი.
  2. ფაკულტეტის საბჭო პირველ სხდომაზე საბჭოს წევრი აკადემიური პერსონალის შემადგენლობიდან  ღია კენჭისყრით ირჩევს ფაკულტეტის საბჭოს მდივანს. ფაკულტეტის საბჭოს მდივნის ფუნქციაა ფაკულტეტის საბჭოს საქმისწარმოების ორგანიზება. ფაკულტეტის საბჭოს მდივნის სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციას ასრულებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ უმრავლესობით არჩეული საბჭოს რიგითი წევრი აკადემიური პერსონალის შემადგენლობიდან.
  3. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს ამზადებს საბჭოს მდივანი დეკანის მითითებით. ფაკულტეტის საბჭოს წევრებს შეუძლიათ საბჭოს მდივნისათვის დღის წესრიგის პროექტში გასათვალისწინებელი საკითხების მიწოდება წერილობით. ფაკულტეტის საბჭოს მდივანი ფაკულტეტის საბჭოს სხდომის თარიღამდე 3 დღით ადრე აქვეყნებს ფაკულტეტის საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს.
  4. ფაკულტეტის საბჭო სხდომის დაწყებისთანავე ღია კენჭისყრით ამტკიცებს დღის წესრიგს. 
  5. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის მოწვევის უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივით ან ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით.
  6. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ საკითხს მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრეთა ნახევარზე მეტმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
  7. ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ფაკულტეტის საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-ს უფლება აქვს მოითხოვოს ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.
  8. ფაკულტეტის საბჭოს ყოველი სხდომის თაობაზე ფორმდება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
  9. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია  შექმნას სპეციალური  კომისია/კოლეგია/სამუშაო ჯგუფი, რომლსაც  ევალება ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო  საქმიანობის კონკრეტული  საკითხების შესწავლა და  შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. კომისიის/კოლეგიის/სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა და მუშაობის წესი მტკიცდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ.

 

თავი IV

ფაკულტეტის დეკანი

მუხლი 9. ფაკულტეტის დეკანის სტატუსი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს  ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობებში წარმოადგენს ფაკულტეტის დეკანი.

 

მუხლი 10. ფაკულტეტის დეკანის არჩევის წესი.

  1. ფაკულტეტის დეკანის არჩევნებს ატარებს და არჩევნების დღეს აცხადებს ფაკულტეტის საბჭო.
  2. ფაკულტეტის დეკანს  სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით, გამჭვირვალეობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
  3. დეკანად შეიძლება აირჩეს ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.
  4. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს  ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
  5. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.
  6. დეკანობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის, მისი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი და სამუშაო გამოცდილების ამსახველი დოკუმენტაციის გარდა, აუცილებელია ფაკულტეტის განვითარების კონცეფციის წარმოდგენა.
  7. არჩევნები ტარდება ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე. თუ ფაკულტეტის დეკანი არის დეკანობის კანდიდატი, მას არ აქვს სხდომის თავმჯდომარეობის უფლება და ფაკულტეტის საბჭოს სხდომის თავმჯდომარეს სხდომის დაწყებამდე ირჩევს ფაკულტეტის საბჭო.
  8. ფაკულტეტის დეკანს  ფაკულტეტის საბჭო  ირჩევს ფარული კენჭისყრით. კენჭისყრა დეკანის ასარჩევად ტარდება ფაკულტეტის მიერ გამოცხადებულ არჩევნების დღეს.
  9. დეკანის არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობა მიიღო ფაკულტეტის საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
  10. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმას.
  11. იმ შემთხვევაში, თუ დეკანის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთაგან ვერც ერთი ვერ მიიღებს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას, ტარდება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ არაუგვიანეს 1 (ერთი) საათისა. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს პირველი ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
  12. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების პირველ ტურში მონაწილე მხოლოდ ერთადერთი კანდიდატი ან მეორე ტურში დეკანობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას, ფაკულტეტის საბჭო უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით ნიშნავს ხელახალ არჩევნებს არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში.
  13. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები წესრიგდება თსუ აკადემიური საბჭოს მიერ  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე  მიღებული დადგენილებით.

 

მუხლი 11. ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილებები

  1. ფაკულტეტის დეკანი:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების  გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

ე)    თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ვ)   პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;

ზ) უნივერსიტეტის რექტორს წარუდგენს დეკანის მოადგილეების კანდიდატურებს;

თ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს ფაკულტეტის დამხმარე პერსონალს;

ი) რექტორს წარუდგენს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების ნუსხის პროექტს;

კ) თავისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო და სამეცნიერო პროცესის საჭიროების შესაბამისად  ამყარებს კავშირს საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასაწავლებლების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან;

ლ) ახორციელებს თსუ-ს წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით  მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. დეკანი თავისი კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასწყვეტად  გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი.  

3. ფაკულტეტის ინტერესებიდან გამომდინარე დეკანისათვის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლის (მივლინება) და შვებულების მიცემის გადაწყვეტილებას იღებს რექტორი, რაც ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

4.  დეკანის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში დეკანის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრის შესახებ შესაბამისი სამართლებლივი აქტის არარსებობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ავტომატურად ასრულებს დეკანის მოადგილე სასწავლო სფეროში, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კი - დეკანის მოადგილე სამეცნიერო სფეროში.

   

მუხლი 12. ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

  1. დეკანის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით დააყენოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
  2. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, ფაკულტეტის საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს.

 

მუხლი 13. დეკანის მოადგილე(ები) და თანაშემწე

  1. დეკანის მოადგილეების ძირითადი ამოცანებია: ა) სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის უზრუნველყოფა; ბ) სამეცნიერო კლევების ეფექტიანად წარმართვის უზრუნველყოფა; გ) დეკანის დავალებათა შესრულება.
  2. ფაკულტეტის დეკანს ჰყავს ორი მოადგილე, საქმიანობის სასწავლო და სამეცნიერო სფეროებში.
  3. დეკანის მოადგილის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს.
  4. სასწავლო სფეროში დეკანის მოადგილის ძირითადი ამოცანებია: 

    ა) სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის უზრუნველყოფა;

    ბ) სასწავლო საქმიანობის განმახორციელებელი ფაკულტეტის ძირითადი  და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია;

    გ) სასწავლო პროცესის განრიგისა და აკადემიური პერსონალის დატვირთვების მონიტორინგი;

    ე) ფაკულტეტის საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ღონისძიების ორგანიზება;

    ვ) დეკანის დავალებების შესრულება.

  5. სამეცნიერო სფეროში დეკანის მოადგილის ძირითადი ამოცანებია:

     ა) ფაკულტეტზე სამეცნიერო მუშაობის კოორდინირება;

    ბ)სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განმახორციელებელი ფაკულტეტის ძირითადი  და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია;

    გ) სტუდენტთა სამეცნიერო წრეების, დოქტორანტთა კოლოკვიუმების და სემინარის მუშაობის კოორდინირება და მონიტორინგი.

    დ) ფაკულტეტის მიერ  დაგეგმილი სხვადასხვა  სამეცნიერო ღონისძიების ჩატარების ორგანიზაციული და ტექნიკური  ხელშეწყობის უზრუნველყოფა.

    ე)ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ ყოველწლიური სამეცნიერო ანგარიშის მომზადების  კოორდინირება.

    ვ) დეკანის დავალებათა შესრულება

  6. დეკანის მოადგილეს დეკანის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს     უნივერსიტეტის რექტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  7. დეკანს ჰყავს თანაშემწე, რომელიც ექვემდებარება დეკანს და დახმარებას უწევს მას მისი საქმიანობის სწრაფად და ეფექტურად განხორციელებაში.
  8. დეკანის თანაშემწის ძირითადი ამოცანაა:

    ა) დეკანის ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობა;

    ბ) დეკანის სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზება;

    გ) სტუდენტებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან დეკანის ურთიერთობის კოორდინაცია;

    დ) კორესპოდენციების მომზადება;

    ე) დეკანის საფოსტო და შიდასამსახურებრივი კორესპონდენციის კოორდინაცია;

    ვ) დეკანის სამუშაო გარემოს გამართულობის ზედამხედველობა;

    ზ) ფაკულტეტის ვებ-გვერდზე განსათავსებელი   ინფორმაციის მომზადება და შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდება;

    თ)  სხვა შესაბამისი ამოცანის შესრულება.

  9. დეკანის თანაშემწეს დეკანის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

 

თავი V

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

მუხლი 14. სამსახურის სტატუსი

  1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური არის ფაკულტეტის მართვის ორგანო.
  2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატურ შეფასებას, რაშიც მონაწილეობენ სტუდენტებიც.
  3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა, ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას.
  4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს არსებული კანონმდებლობისა და ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.
  5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთიანი საუნივერსიტეტო სისტემის ნაწილს.

 

მუხლი 15.  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფლებამოსილება

  1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით; ხელმძღვანელობს და განახორციელებს აკადემიურ სფეროში ფაკულტეტის საქმიანობის თვითშეფასების პროცესს, უზრუნველყოფს ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.
  2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია, ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
  3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური იხილავს დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილ საგანმანათლებლო პროგრამებს და მათი ტექნიკური  მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით. ერთობლივი დადებითი დასკვნის შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს.
  4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს  წელიწადში მინიმუმ ერთხელ წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.
  5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს  საგანმანათლებლო პროგრამების სისტემატურ მონიტორინგს. მიღებულ შედეგებს წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს პროგრამების შემდგომი დახვეწის მიზნით. მონაწილეობს აკადემიური პერსონალის აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის შეფასების პროცესში.
  6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს  ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებთან კომუნიკაციას, რაც გულისხმობს ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში მათ მონაწილეობას და სხვ.

 

მუხლი 16. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  სტრუქტურა

  1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტრუქტურა ითვალისწინებს: ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს (შემდგომში ,,უფროსი“), სამსახურის წევრებსა და დამხმარე პერსონალს;
  2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის   წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. სამსახურის წევრი საქმიანობას ახორციელებს ანაზღაურების გარეშე, უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური  უფლებამოსილია კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის მიზნით მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტი.

 

მუხლი 17. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილებანი

  1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი:

    ა)  წარმართავს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობას თსუ-ს წესდების, ფაკულტეტის დებულებისა  და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების  შესაბამისად;

    ბ)   ანაწილებს მოვალეობებს ფაკულტეტის სამსახურის თანამშრომლებს შორის;

    გ) ხელმძღვანელობს ფაკულტეტის სამსახურის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებასა და მათ შესრულებას;

    დ) წარმოადგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან, ფაკულტეტებთან და სხვა სამსახურებთან, ხოლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს ფაკულტეტს მესამე პირებთან ურთიერთობისას;

    ე) საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

  2. ფაკულტეტის სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში  მის მოვალეობას ასრულებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთ-ერთი წევრი.

მუხლი 18. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევის წესი

  1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით. (ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 26 მატრის N2  სხდომის ოქმის საფუძველზე)
  2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსად შეიძლება აირჩეს  ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
  3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტი.

 

თავი VI

ფაკულტეტის საატესტაციო კომისია

(ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 26 მატრის N2  სხდომის ოქმის საფუძველზე)

მუხლი 19. ამოღებულია (ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 26 მატრის N2  სხდომის ოქმის საფუძველზე)

მუხლი 20. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობა

  1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა პროფესორის და ასოცირებული პროფესორისაგან. სადისერტაციო საბჭოს  გადაწყვეტილებით შესაძლებელია სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირების მოწვევა.
  2. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს და დოქტორის აკადემიურ ხარისხს მეცნიერების დარგებში ანიჭებს თსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
  3. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი, რომლებიც აირჩევიან სადისერტაციოს საბჭოს შემადგენლობიდან.
  4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე.
  5. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და მდივნის არჩევის წესი და მათი ფუნქციები განისაზღვრება ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს  დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

მუხლი 21. ამოღებულია (ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 26 მატრის N2  სხდომის ოქმის საფუძველზე)

მუხლი 22. საატესტაციო კომისია 

აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურების - ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის - დამთავრებისას პირთათვის კვალიფიკაციის მინიჭების გადაწყვეტილებას იღებს საატესტაციო კომისია.

 

თავი VII

საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის განმახორციელებელი  ერთეულები

მუხლი 23.  საგანმანათლებლო პროგრამა

  1. საგანმანათლებლო პროგრამა არის სწავლის შედეგებსა და კომპეტენციებზე, დარგობრივი, პრაქტიკული და ტრანსფერული უნარების შეძენაზე დაფუძნებული, სტუდენტზე ორიენტირებული, მოქნილი სტრუქტურის მქონე კურიკულუმი, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალისტთა მომზადებას სწავლების ცალკეული საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პროფესიული განათლება, უწყვეტი განათლება, ქართულ ენაში მომზადების პროგრამა) მიხედვით.
  2. საბაკალავრო პროგრამა შედგება სასწავლო კურსებისა და/ან მოდულებისაგან.
  3. სამაგისტრო პროგრამა შედგება სასწავლო კურსებისა და/ან მოდულებისაგან,  სამაგისტრო ნაშრომის მოსამზადებლად განკუთვნილი კომპონენტისაგან და სრულდება სამაგისტრო ნაშრომის დაცვით.
  4. სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტისაგან და სრულდება სადისერტაციო ნაშრომის დაცვით;
  5. საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება ადამიანური რესურსით, რომელშიც შედის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი, მასწავლებელი, მკვლევარი ან მოწვეული პერსონალი. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც შეიძლება დადგინდეს ამ პირის აკადემიური ხარისხით, მიღებული სპეციალური განათლებით, პუბლიკაციებით ან პროფესიული გამოცდილებით.
  6. საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს პარტნიორ დაწესებულებებთან: საქართველოს ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ან  სამეცნიერო–კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობით.
  7. საგანმანათლებლო პროგრამას ჰყავს თსუ–ში დადგენილი წესის შესაბამისად არჩეული  პროგრამის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები ან კოორდინატორი/კოორდინატორები.

 

მუხლი 24. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი/კოორდინატორი

1. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ფაკულტეტის შესაბამისი დარგის  პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. რამდენიმე ხელმძღვანელის შემთხვევაში პროგრამის ხელმძღვანელთა საერთო გადაწყვეტილების საფუძველზე ერთ–ერთი მათგანი შეიძლება იყოს კოორდინატორი. გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით.

2. პროგრამას შეიძლება უხელმძღვანელოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულმა პირმაც. გადაწყვეტილებას პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ იღებს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე, რომელშიც უნდა დასაბუთდეს პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში მოწვეულ პირთან ერთად პროგრამას უნდა უხელმძღვანელოს უნივერსიტეტის პროფესორმა ან ასოცირებულმა პროფესორმაც.

4. პროგრამის ხელმძღვანელი/კოორდინატორი წარმოადგენს ფაკულტეტსა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ძირითად საკონტაქტო პირს, რომელსაც ეცნობება პროგრამის შიდა და გარე შეფასების, ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის შედეგები და ევალება მათზე რეაგირება პროგრამის სრულყოფის მიზნით.

5. პროგრამის ხელმძღვანელი/კოორდინატორი პასუხისმგებელია საუნივერსიტეტო და სააკრედიტაციო მოთხოვნებთან პროგრამის შესაბამისობაზე. საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი პასუხისმგებელია  პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი სილაბუსების ხარისხზე, ხოლო სადოქტორო პროგრამის კოორდინატორი პასუხისმგებელია სადოქტორო პროგრამის სასწავლო და კვლევითი კომპონენტის ხარისხზე;

6. პროგრამის ხელმძღვანელი/კოორდინატორი პასუხისმგებელია პროგრამის კურიკულუმის თაობაზე სტუდენტებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაზე, პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების თაობაზე  დეკანისათვის  გონივრულ ვადაში წინადადებების წარდგენაზე;

7. პროგრამის ხელმძღვანელი/კოორდინატორი ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს წინაშე.

8. ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს სწავლების ერთი საფეხურის მხოლოდ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის ხელმძღვანელი. გადაწყვეტილება გამონაკლისის შესახებ შეიძლება მიიღოს აკადემიურმა საბჭომ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

 

 მუხლი 25. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, განხილვა   და დამტკიცება

  1. ფაკულტეტის საგანანათლებლო პროგრამას შეიმუშავებენ ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები.
  2. საგანმანათლებლო პროგრამების განხილვის პროცესი მიმდინარეობს ჯერ პროგრამის პროფილის სასწავლო–სამეცნიერო კათედრაზე/ინსტიტუტში/დეპარატამენტში. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. შემდეგ პროგრამის ხელმძღვანელი/კოორდინატორი საგანმანათლებლო პროგრამას   განსახილველად წარუდგენს პროგრამის შემუშავება-განვითარების მიზნით შექმნილ პროგრამულ კომიტეტს, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე (პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი, შესაბამისი პროფილის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი, სტუდენტი, კურსდამთავრებული, პროფილური თუ არაპროფილური დამსაქმებელი, ფაკულტეტის და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი და სხვ.) პროგრამასთან მიმართებაში განიხილავს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა გამოკითხვის შედეგებს, სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის შედეგებს, პროფესიულ ასოციაციებთან კონსულტაციების შედეგებს, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებას. პროგრამის ხელმძღვანელი/კოორდინატორი უზრუნველყოფს კომიტეტის წევრების არგუმენტირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებას პროგრამის აღწერილობასა და სილაბუსებში და წარადგენს ხარისხიან, შრომის ბაზრისა და მეცნიერების განვითარების ინტერესებზე ორიენტირებულ თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამას პროგრამული პროფილის სასწავლო–სამეცნიერო კათედრის/ინსტიტუტის/ /დეპარატამენტის  და პროგრამის დაგეგმვა-შემუშავება-განვითარების პროგრამული კომიტეტის სხდომების ოქმებთან ერთად ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, რომლის დადებითი დასკვნის შემთხვევაში იგი წარედგინება ფაკულტეტის დეკანს.
  3. ფაკულტეტის დეკანი სასწავლო პროგრამებს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.
  4. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და თანხმობის შემთხვევაში უგზავნის  მას უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს აკადემიური საბჭოს წინაშე წარსადგენად.
  5. საგანმანათლებლო პროგრამებს ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
  6. დამტკიცებულ საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება პროგრამის დამტკიცებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
  7. პროგრამის მუშაობისას აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზების გასწორება  ხდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.

 

მუხლი 26. ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები

  1. ფაკულტეტის სასწავლო–სამეცნიერო  ერთეულების   სტრუქტურა დგინდება  წინამდებარე დებულებით  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ერთიანი მოდელის დამტკიცების შესახებ თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
  2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე შეიძლება არსებობდეს შემდეგი სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები: ა) სასწავლო - სამეცნიერო კათედრა; ბ) სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი; გ) სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი.
  3. სასწავლო-სამეცნიერო კათედრა (სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ყველაზე მცირე სტრუქტურული ერთეული) წარმოადგენს პროგრამის ან მომიჯნავე, მონათესავე, ერთმანეთთან მჭიდრო საგანმანათლებლო-სამეცნიერო კავშირში მყოფი პროგრამების განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური, ტექნიკური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო რესურსების ერთიანობას.
  4. სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი (სსი)   წარმოადგენს  სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო კვლევების კოორდინირებულად წარმართვის მიზნით შექმნილ ფაკულტეტის  ძირითად საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულს, რომელშიც  მომიჯნავე  მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების  და კვლევითი პროექტების განსახორციელებლად   შეიძლება გაერთიანდნეს ერთი ან რამდენიმე კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სასწავლო ლაბორატორია /სტუდია/სახელოსნო.  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტები შეიძლება ერთიანდებოდნენ სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტში.
  5. სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი არის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების ან/და  სასწავლო-სამეცნიერო კათედრების გაერთიანება.
  6. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძირითადი საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის - საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე დებულებით, რომელიც მტკიცდება თსუ წესდებით დადგენილი წესით.

 

მუხლი 27. სასწავლო – სამეცნიერო  ინსტიტუტის   საქმიანობა

  1. ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული - სასწავლო–სამეცნიერო  ინსტიტუტი -  საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად.
  2. ინსტიტუტი განსაზღვრავს შესაბამისი დარგისა და დისციპლინების სწავლების მეთოდებსა და  ფორმებს, უზრუნველყოფს დარგში არსებული სამეცნიერო კვლევებისა და მიღწევების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში.
  3. ინსტიტუტი შეიმუშავებს, განიხილავს და  ფაკულტეტის საბჭოს თსუ-ში დადგენილი წესით დასამტკიცებლად  წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამებს,  კვლევით პროექტებსა და სამუშაო გეგმას.

 

მუხლი 28. სასწავლო – სამეცნიერო   ინსტიტუტის შემადგენლობა და მართვა

  1. ფაკულტეტის სასწავლო–სამეცნიერო  ინსტიტუტი შედგება ინსტიტუტის  წევრების, ინსტიტუტის ასოცირებული წევრებისა და დამხმარე პერსონალისაგან.
  2. ინსტიტუტის წევრი არის  შესაბამისი საგანმანათლებლო მიმართულებით/ქვემიმართულებით არჩეული  ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი. ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ერთი ინსტიტუტის წევრი.
  3. ინსტიტუტის ასოცირებული წევრი (სათათბირო ხმის უფლებით) შეიძლება იყოს:

    ა) ემერიტუსი პროფესორი, მოწვეული ლექტორი/მასწავლებელი, რომლიც  ჩართულია  ინსტიტუტის  მიერ განხორციელებულ  საგანმანათლებლო  პროგრამებსა  და სამეცნიერო–კვლევით პროექტებში.

    ბ) მკვლევარი,  ინსტიტუტის გეგმით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის (პროექტების) შესრულებაში მონაწილე შესაბამისი დარგის მეცნიერი,  რომელიც არ არის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი.

  4. ინსტიტუტის დამხმარე პერსონალს განეკუთვნება: ლაბორანტი/უფროსი ლაბორანტი, პროფესორის ასისტენტი, სპეციალისტი.
  5. ინსტიტუტის წარმომადგენლობითი ორგანოა ინსტიტუტის პროფესორთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი. პროფესორთა საბჭოს სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება ესწრებოდნენ ინსტიტუტის ასოცირებული წევრებიც.
  6. ინსტიტუტის პროფესორთა საბჭო

    ა) განიხილავს და განსაზღვრავს ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

    ბ) განიხილავს და  ფაკულტეტის საბჭოს თსუ-ში დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარუდგენს საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამას/პროგრამებს.

    გ) იღებს გადაწყვეტილებას ინსტიტუტის ასოცირებულ წევრებად პირთა გაწევრიანებასთან დაკავშირებით;

    დ) ისმენს და განიხილავს ინსტიტუტის წევრების  აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის ანგარიშს;

    ე) საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო ჟურნალის  დაარსების (გაუქმების) შესახებ, შეარჩევს ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას და პერიოდულად ისმენს მისი მუშაობის ანგარიშს;

    ვ) განიხილავს და ამტკიცებს სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების თემატიკას.

    ზ) ამტკიცებს სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელებს.

    თ) ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადებში  ატარებს სამაგისტრო ნაშრომების წინასწარ დაცვას და გამოყოფს რეცენზენტებს.

    ი) ამზადებს და ფაკულტეტის დეკანს  ან/და ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს წინადადებებს  ფაკულტეტზე სასწავლო–სამეცნიერი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

    კ) უფლებამოსილია ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ინსტიტუტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო აქტივობასა და საქმიანობას შეეხება.

  7. ინსტიტუტის პროფესორთა საბჭოს სხდომას   წარმართავს ინსტიტუტის  ხელმძღვანელი.
  8. ინსტიტუტის პროფესორთა საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ინსტიტუტის წევრი აკადემიური პერსონალის  უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ინსტიტუტის ხელმძღვანელის ხმა. ინსტიტუტის პროფესორთა საბჭო საკითხს წყვეტს ღია კენჭისყრით, თუ საგანგებოდ არ დადგინდა ფარული კენჭისყრის აუცილებლობა.
  9. ინსტიტუტის პროფესორთა საბჭოს  მიმდინარეობის თაობაზე დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ინსტიტუტის  ხელმძღვანელი და სწავლული მდივანი.
  10. ინსტიტუტი თავად განსაზღვრავს სწავლული მდივნის კანდიდატურას და ირჩევს მას ღია კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების  უბრალო უმრავლესობით. მდივნად შეიძლება არჩეულ იქნას ინსტიტუტის  აკადემიური ან დამხმარე პერსონალი.

 

მუხლი  29.   სასწავლო – სამეცნიერო  ინსტიტუტის ხელმძღვანელი

  1. ინსტიტუტის  საქმიანობას კოორდინირებას  უწევს  ინსტიტუტის ხელმძღვანელი, შესაბამისი მიმართულების/ქვემიმართულების პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. (ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის N4  სხდომის ოქმის საფუძველზე)
  2. იმ შემთხვევაში, თუ ინსტიტუტის წევრია 2 ან მეტი პროფესორი, უნდა ჩატარდეს ინსტიტუტის ხელმძღვანელის არჩევნები. ხელმძღვანელის არჩევა ხდება  პროფესორთა საბჭოს მიერ ღია კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით  2 წლის  ვადით.
  3. თუ ინსტიტუტს ჰყავს მხოლოდ ერთი პროფესორი, უნდა ჩატარდეს ინსტიტუტის ხელმძღვანელის არჩევნები. პროფესორთა საბჭო ინსტიტუტის ხელმძღვანლად ირჩევს პროფესორს/ასოცირებულ პროფესორს, რომელიც აირჩევა ღია კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით 2 წლით ვადით. (ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის N4  სხდომის ოქმის საფუძველზე)
  4. ინსტიტუტის ხელმძღვანელად  შეიძლება არჩეულ იქნეს  მხოლოდ იმავე ინსტიტუტის    წევრი  პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
  5. ინსტიტუტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ხელმძღვანელის არჩევის შესახებ ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. 
  6. ინსტიტუტის ხელმძღვანელი კოორდინირებას  უწევს ინსტიტუტის საორგანიზაციო და სამეცნიერო საქმიანობას,  ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამის/პროგრამების მუშაობას, ხელს უწყობს ინსტიტუტის სამეცნიერო კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა სახის ორგანიზაციებთან, თავმჯდომარეობს ინსტიტუტის პროფესორთა საბჭოს სხდომას  და პასუხისმგებელია ინსტიტუტის  წლიური ანგარიშის მომზადებასა და ფაკულტეტის შესაბამისი სამსახურისთვის წარდგენაზე.
  7. ინსტიტუტის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, შესაბამისი მიმართულების/ქვემიმართულების პროფესორი  ან ასოცირებული პროფესორი,   რომელიც აირჩევა პროფესორთა საბჭოს სხდომაზე ღია კენჭისყრით,  ხმათა უმრავლესობით  2 წლის ვადით.
  8. ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია ინსტიტუტის პროფესორთა საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს წინაშე.

 

მუხლი 30.   ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის   სასწავლო –სამეცნიერო ინსტიტუტები

თსუ ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე  შემდეგი  სასწავლო –სამეცნიერო ინსტიტუტებია:

  1. ქართული ენის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
  2. ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
  3. თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
  4. თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
  5. კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
  6. საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
  7. არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
  8. ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
  9. მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
  10. კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
  11. აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
  12. დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
  13. სლავისტიკის  სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი
  14. ფილოსოფიის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი;
  15. ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
  16. ვიზუალური ხელოვნების სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტი;
  17. კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;
  18. ამერიკისმცოდნეობის სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტი;
  19. თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების  სასწავლო-სამეცნიერო  ინსტიტუტი;

 

მუხლი  31.  სასწავლო–სამეცნიერო  ინსტიტუტების  სტრუქტურა

  1. სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს შემდეგი სტრუქტურული დანაყოფები: სასწავლო–სამეცნიერო კათედრა (შემდგომში კათედრა), სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სასწავლო ლაბორატორია/სახელოსნო/სტუდია, კაბინეტ-ბიბლიოთეკა.
  2. კათედრა არის  საგანმანათლებლო პროგრამის  ან მომიჯნავე,  ერთმანეთთან მჭიდრო საგანმანათლებლო-სამეცნიერო კავშირში მყოფი პროგრამების განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური, ტექნიკური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო რესურსების ერთიანობა, რომლის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამით/პროგრამებით დასახული მიზნების მიღწევა და  შესაბამის დარგში სამეცნიერო კვლევების წარმართვა.
  3. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ფუნქციაა მეცნიერების შესაბამის  დარგში კონკრეტული პრობლემის/პრობლემების  ფუნდამენტური და/ან გამოყენებითი ხასიათის კვლევებისა და საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება.
  4. სასწავლო ლაბორატორია/სახელოსნო/სტუდია  ხელს უწყობს ინსტიტუტის და/ან კათედრის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების პრაქტიკული/ექსპერიმენტული ნაწილის განხორციელებას.
  5. სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის შემადგენლობაში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სასწავლო ლაბორატორია/სახელოსნო/სტუდია) ხელმძღვანელობს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი. კათედრის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ იმავე კათედრის  წევრი  პროფესორი  და /ან ასოცირებული პროფესორი. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სასწავლო ლაბორატორიის,  სახელოსნოს  ან სტუდიის ხელმძღვანელობა,  ფაკულტეტის  გადაწყვეტილებით,  დაეკისროს  მოწვეულ სპეციალისტს.
  6. კათედრის    საქმიანობას კოორდინირებას  უწევს  კათედრის ხელმძღვანელი შესაბამისი მიმართულების/ქვემიმართულების პროფესორი.
  7. იმ შემთხვევაში, თუ კათედრის წევრია ერთზე მეტი პროფესორი,  კათედრის ხელმძღვანელის   არჩევა ხდება ინსტიტუტის პროფესორთა საბჭოს მიერ ღია კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით  2 წლით  ვადით.
  8. თუ კათედრას არ ჰყავს პროფესორი, პროფესორთა საბჭო კათედრის ხელმძღვანლად ირჩევს ასოცირებული პროფესორს,  რომელიც  აირჩევა ღია კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით  2 წლით  ვადით. არჩეული კათედრის ხელმძღვანელის კანდიდატურას ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.
  9. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების შემადგენლობაში შედის შემდეგი სტრუქტურული დანაყოფები:

ა) ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში:

ა.ა) ქართველური ენათმეცნიერების კათედრა

ა.ბ) ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების კათედრა

ა.გ) ქართველური  ონომასტიკის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი

ა.დ) ძველ ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი „ორიონი“

ბ) ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში:

ბ.ა) ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა

ბ.ბ) ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა

ბ.გ) უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა

ბ.დ) ფოლკლორისტიკის კათედრა

გ) თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში:

გ.ა) თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრა

გ.ბ) ექსპერიმენტული ფონეტიკის სამეცნიერო-კვლევითი  ლაბორატორია

გ.გ) სამეცნიერო-კვლევითი  ცენტრი „ ენა, ლოგიკა, მეტყველება“.

დ) კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში:

დ.ა) კავკასიური ენების კათედრა

დ.ბ) კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრა

ე) არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში:

ე.ა) არქეოლოგიის კათედრა

ე.ბ) არქეოლოგიის სასწავლო ლაბორატორია

ვ) მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში:

ვ.ა) ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრა

ვ.ბ) შუა საუკუნეების ისტორიის კათედრა

ვ.გ) ახალი და უახლესი ისტორიის კათედრა

ზ) კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში:

ზ.ა) კლასიკური ფილოლოგიის კათედრა

ზ.ბ) ბიზანტინისტიკის  კათედრა

ზ.გ) ნეოგრეცისტიკის კათედრა

ზ.დ) ხმელთაშუაზღვის კულტურების შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია

თ) აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში:

თ.ა) არაბისტიკის კათედრა

თ.ბ) ირანისტიკის კათედრა

თ.გ) თურქოლოგიის კათედრა

თ.დ) ებრაისტიკა–არამეისტიკის კათედრა

თ.ე) არმენოლოგიის კათედრა

თ.ვ) ასირიოლოგიის კათედრა

თ.ზ) აღმოსავლეთის ისტორიის კათედრა

ი) ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში:

ი.ა) სახვითი ხელოვნების კათედრა

ი.ბ) ტელე–კინო ხელოვნების კათედრა

ი.გ) ტელე–კინო ხელოვნების  სასწავლო სტუდია

ი.დ) დიზაინის  სახელოსნო.

კ) დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში:

კ.ა) ინგლისური ფილოლოგიის კათედრა

კ.ბ) გერმანული ფილოლოგიის კათედრა

კ.გ) რომანული ფილოლოგიის კათედრა

კ.დ) თარგმანმცოდნეობის კათედრა

ლ) სლავისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში:

ლ.ა) რუსული ენის  კათედრა

ლ.ბ) რუსული ლიტერატურის კათედრა

ლ.გ) რუსეთის ისტორიის კათედრა

ლ.დ) სლავური ენებისა და ლიტერატურების კვლევის ცენტრი

მ) ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში:

მ.ა) ფილოსოფიის ისტორიის კათედრა

მ.ბ)თეორიული ფილოსოფიის კათედრა

მ.გ)პოლიტიკური ფილოსოფიის კათედრა

მ.დ) ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიის კათედრა

მ.ე)ეთიკისა და რელიგიის ფილოსოფიის კათედრა

მ.ვ) ანთიმოზ ივერიელის სახელობის  ფილოსოფიურ-თეოლოგიური  კვლევის ცენტრი

ნ) კულტურის კვლევების ინსტიტუტში:

ნ.ა) კულტურის კვლევების კათედრა

ნ.ბ) ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრა

ო) ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტში;

ო.ა) ქართული ხელოვნების კვლევის ცენტრი        

 

მუხლი 32. საფაკულტეტო  მნიშვნელობის  საგანმანათლებლო, საგანამანათლებლო-სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები

  1. ფაკულტეტის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს  საფაკულტეტო მნიშვნელობის   საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები (შემდეგში ცენტრი).
  2. ცენტრის ფუნქციაა   კონკრეტული ქვეყნის/რეგიონის  ან კონკრეტული სამეცნიერო პრობლემატიკის შესწავლის  მიზნით  სხვადასხვა სასწავლო  და სამეცნიერო–კვლევითი პროექტების/პროგრამების განხორციელება. 
  3. ცენტრის საქმიანობის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.
  4. ცენტრის  მუშაობას კოორდინირებას უწევს ცენტრის ხელმძღვანელი, რომელსაც  დეკანის წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. 
  5. ცენტრის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ან მოწვეული სპეციალისტი.
  6. ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებში/პროგრამებში შეიძლება მონაწილეობდეს:  ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტი, ასევე, კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად მოწვეული შესაბამისი კვლიფიკაციის სპეციალისტი. 
  7. ცენტრის  ხელმძღვანელი კოორდინირებას  უწევს ცენტრის საორგანიზაციო და სამეცნიერო საქმიანობას,  ცენტრის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევით პროექტებს/პროგრამებს, ხელს უწყობს სამეცნიერო კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და შესაბამისი ქვეყნის/რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა სახის ორგანიზაციებთან, პასუხისმგებელია ცენტრის  წლიური ანგარიშის მომზადებასა და ფაკულტეტის შესაბამისი სამსახურისთვის წარდგენაზე.
  8. ცენტრის ხელმძღვანელი შეიმუშავებს და  ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად  წარუდგენს ყოველწლიურ სამუშაო გეგმას.
  9. ცენტრის  ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია ფაკულტეტის საბჭოს წინაშე.
  10. თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის საფაკულტეტო მნიშვნელობის შემდეგი საგანმანათლებლო–სამეცნიერო ცენტრები: 

ა) ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი;

ბ) იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი; 

გ)  სკანდინავისტიკის ცენტრი;       

დ) ისრაელის ცენტრი;       

ე)  პოლონისტიკის ცენტრი;      

ვ)  ოთარ ბაქანიძის სახელობის უკრაინისტიკის  ცენტრი; (ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 26 მატრის N2  სხდომის ოქმის საფუძველზე)

ზ) იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრი;

თ) შექსპირის შემწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

ი) ეტიმოლოგიური კვლევების ცენტრი.

კ) ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრი. (ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 6 აგვისტოს  N4  სხდომის ოქმის საფუძველზე)

 

თავი VIII

ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები

მუხლი 33. დამხმარე სტრუქტურული ერთეულები

  1. ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები იქმნება ფაკულტეტის გამართული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
  2. ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია:  სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური, კანცელარია, რესურსების მართვის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სტუდენტთა მომსახურების ცენტრი და სხვ.
  3. დამხმარე სტრუქტურული ერთეული შეიძლება შედგებოდეს ხელმძღვანელის, ხელმძღვანელის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  და უფროსი სპეციალისტებისაგან.
  4. დამხმარე სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა საშტატო განრიგს,  ერთეულების ხელმძღვანელებსა და  სპეციალისტებს  ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით ამტკიცებს  თსუ–ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 
  5. ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების უფლება–მოვალეობები განისაზღვრება  ფაკულტეტის დებულებით.   

 

მუხლი 34.  სასწავლო პროცესის მართვის სამსახური  

  1. სასწავლო პროცესის მართვის სამსახური უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ორგანიზებას, სტუდენტთა საინფორმაციო მონაცემთა ბაზის სრულყოფას, სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოებაზე კონტროლს, სტუდენტთა ინფორმირებას სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, სტუდენტთა დასაქმებაზე ორიენტირებულ პროექტებზე მუშაობას და სხვ.
  2. სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

    ა) ფაკულტეტზე სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;

    ბ) საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაციის ხელშეწყობა სასწავლო-მეთოდური მიდგომის შესაბამისად: საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი, სასწავლო ცხრილების შედგენა, კურიკულუმის განხორციელების მონიტორინგი;

    გ) ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ინფორმირება ელ–ფოსტით თსუ–ში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ახალი წესების, რეგულაციების, ინსტრუქციების მიღების/მათში ცვლილებების შეტანის შესახებ;

    დ) აკადემიური პერსონალის სემესტრული სააუდიტორიო დატვირთვების კოორდინირება;

    ე) ფაკულტეტის სტუდენტთა პირველადი რეგისტრირება თსუ–ს მონაცემთა ბაზაში;

     ვ) სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის პროცესის ორგანიზება;

    ზ) სტუდენტთა საინფორმაციო მონაცემთა ბაზის სრულყოფისა და დაცვისათვის შესაბამის საუნივერსიტეტო სამსახურებთან თანამშრომლობა;

    თ) სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება;

    ი) სტუდენტთა პირადი მონაცემების შეტანა სტუდენტის ბარათსა და მონაცემთა ბაზაში;

    კ) შუალედური და საგამოცდო უწყისების მომზადება, პედაგოგებისთვის გადაცემა, შევსებული უწყისების შეგროვება და ინფორმაციის შეტანა სტუდენტთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

    ლ) კურსდამთავრებულთა თაობაზე წარდგინების პროექტის მომზადება  და დიპლომის დანართების მომზადება; 

    მ) კურსდამთავრებულთა დოკუმენტაციის დაარქივება დადგენილი წესის შესაბამისად;

    ნ)   დეკანის დავალებით სტატისტიკური მონაცემების სისტემატური წარმოება;

    ო) სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ფაკულტეტზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მომზადება;

    პ) სტუდენტთა ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, შესაბამისი ინფორმაციის ვებ-გვერდზე განთავსება;

    ჟ) სტუდენტებთან და პროფესორებთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება;

    რ) საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ფაკულტეტის ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სტუდენტების მიერ საზღვარგარეთის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული აკადემიური შეფასების შედეგების აღიარების პროცესში მონაწილეობა  დადგენილი წესის შესაბამისად;

    ს)სტუდენტთა მობილობის პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა. კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიაში მონაწილეობა;

    ტ) სასწავლო პროცესის  მართვის სამსახური თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში კურირებს სტუდენტთა მომსახურების ცენტრს და ტუტორთა ჯგუფს. ტუტორები შეირჩევა დეკანის მიერ ფაკულტეტის მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებსა ან ფაკულტეტის თანამშრომლებს შორის. საჭიროებისამებრ, დეკანს შეუძლია ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტით დაადგინოს ტუტორთა შერჩევის წესი.

  3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის  უფროსი,  რომელსაც ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით ნიშნავს თსუ–ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.  

 

მუხლი 35.  სტუდენტთა მომსახურების ცენტრი

  1. ფაკულტეტის სტუდენტების სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის სწრაფად მიწოდების და სხვა ორგანიზაციული საკითხების ეფექტურად  მოგვარების მიზნით  ფაკულტეტზე მუშაობს სტუდენტთა მომსახურების ცენტრი. 
  2. სტუდენტთა მომსახურების ცენტრის ძირითადი ამოცანებია:

ა) სტუდენტთათვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა; 

ბ) სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების შესახებ სტუდენტებისგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის მათი მოგვარების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში უკუკავშირი სტუდენტებთან); 

 გ) სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა ფაკულტეტის და ცენტრალური ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით.

 

მუხლი 36. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური  

  1. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულია, რომელიც უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევების ორგანიზებას, ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო, კვლევით და სასწავლო დაწესებულებებთან ურთიერთობების დამყარებას, ინტერდისციპლინური კვლევების წახალისებას, მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერთა მოწვევასა და სამეცნიერო ინტელექტის მოზიდვას ფაკულტეტზე; კოორდინირებას უწევს ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამების მუშაობას  და სხვ.
  2. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

    ა) ინოვაციურ ცოდნაზე, ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული სამეცნიერო კვლევების განხორციელების, სამეცნიერო–კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობა; სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის თარგმნის, თარგმნის პროცესის ორგანიზების, ამ პროცესის მიზნებისათვის შესაბამისის ადამიანური რესურსების მოძიების და სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ახალი სახელმძღვანელოების შექმნის გზით საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზების ხელშეწყობა.

    ბ) სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შედეგების ანალიზი, წლიური ანგარიშის მომზადება და თსუ–ის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში წარდგენა;

    გ) ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული ზრდისა და მეცნიერ–მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება;

    დ) უცხოელ მეცნიერთა მოწვევისა და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სტაჟირების ორგანიზების ხელშეწყობა;

     ე) პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების  ორგანიზება;

    ვ) სტუდენტთა სამეცნიერო წრეების მუშაობის კოორდინირება და მონიტორინგი.

    ზ) დოქტორანტთა კოლოკვიუმებისა და სემინარის ორგანიზება;

    თ) ფაკულტეტზე სამეცნიერო მუშაობის კოორდინირება;

    ი) ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ინფორმირება საგრანტო კონკურსების  შესახებ;

    კ) ყოველი სემესტრის ბოლოს შემდგომი სემესტრისათვის დაგეგმილი ღონისძიებების (კონფერენციები, სემინარები და ა.შ.) გეგმის ფაკულტეტის დეკანისთვის წარდგენა;

    ვ) ფაკულტეტის საერთაშორისო კავშირების გაფართვება, ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელება ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებების ფარგლებში. 

    ზ) ფაკულტეტის შემდგომ განვითრებაზე  ზრუნვა, სკოლის მოსწავლეებთან და ფაკულტეტის კურსდამთავრებულებთან მუშაობა.

  3. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში კოორდინირებულად მუშაობს სადისეტაციო საბჭოსთან და პასუხისმგებელია  დოქტორანტთა აკადემიური და სამეცნიერო აქტივობების პირად საქმეში და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვაზე.
  4. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის  უფროსი,  რომელსაც ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით ნიშნავს თსუ–ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

 

მუხლი 37.  კანცელარია

  1. ფაკულტეტის კანცელარია უზრუნველყოფს ფაკულტეტზე დოკუმენტბრუნვის ორგანიზებასა და გამართულ ფუნქციონირებას, ფაკულტეტზე შემოსული და გასული კორესპონდენციის, განცხადებებისა და საჩივრების მიღებას, რეგისტრირებას, დეკანის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას და ფაკულტეტის შესაბამისი თანამშრომლებისათვის ასლების მიწოდებას; სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა შესრულებასა და დანიშნულებისამებრ გადაცემა-დაგზავნას, ახდენს დოკუმენტაციის  ვიზირებასა და გაცემას უფლებამოსილ პირებზე, უზრუნველყოფს საარქივო საქმისწარმოების სისტემის ფუნქციონირებას, დოკუმენტაციის დაარქივებას დადგენილი წესის შესაბამისად, ფაკულტეტზე არსებული საჯარო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას, უნივერსიტეტის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირისათვის მისი მოთხოვნისთანავე და სხვ. 
  2. ფაკულტეტის კანცელარიაში ინახება ფაკულტეტის ბეჭედი და ბლანკი, რომლებიც გამოიყენება დადგენილი წესის მიხედვით.
  3. ფაკულტეტის კანცელარიას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი,  რომელსაც ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით ნიშნავს თსუ–ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

 

მუხლი 38.  რესურსების მართვის სამსახური

  1. რესურსების მართვის სამსახურის დანიშნულებაა რესურსების ეფექტიანად მართვის საფუძველზე ფაკულტეტის სტუდენტებსა და პერსონალს შეუქმნას სწავლის, შრომისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ნორმალური პირობები; უზრუნველყოს ფაკულტეტის ბალანსზე არსებული ქონების მფლობელობისა და სარგებლობის ოპტიმალური რეჟიმი; ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომელთა უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და ინვენტარით,  მატერიალურ ფასეულობათა მიღება-ჩაბარება და მოვლა-პატრონობა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და სხვ. 
  2. რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

    ა) ფაკულტეტის განკარგულებაში არსებული მატერიალური რესურსების ეფექტიანი მართვა;

    ბ) სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი პროცესების საჭირო მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა;

    გ) მატერიალურ–ტექნიკური და სასწავლო ბაზების სისტემატური გაუმჯობესება;

    დ) ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტის შექმნაში მონაწილეობა;

    ე) ფაკულტეტის განკარგულებაში არსებული მატერიალური რესურსების შენახვის, აღრიცხვისა და გამოყენების პროცესის სრულყოფის მიზნით თსუ–ის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა.

    ვ) ფაკულტეტის სასწავლო–მეთოდური, სამეცნიერო–კვლევითი და მატერიალურ–ტექნიკური ბაზის სრულყოფა ფაკულტეტის პრიორიტეტული ამოცანების გადასაჭრელად და არსებული და სამომავლო გეგმებისათვის მზადყოფნის მიზნით;

    ზ)  ფაკულტეტის ოპერატიულ მართვაში არსებული მატერიალურ–ტექნიკური ბაზის დაცვა;

    თ) სასწავლო პროცესის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა.

  3. ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის  უფროსი,  რომელსაც ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით ნიშნავს თსუ–ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

 

მუხლი 39. ბიბლიოთეკა

  1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შემადგენელი ნაწილი და მისი მართვა ხორციელდება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულებით დადგენილი წესით.  
  2. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება თსუ-ს ბიბლიოთეკის დებულებითა და თსუ–ს წესდებით.

 

თავი IX

პერსონალი

მუხლი 40. პერსონალის შემადგენლობა

  1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შესაძლებელია არსებობდეს აკადემიური, ადმინისტრაციული, სამეცნიერო, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობები;   

     1. 1ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პერსონალის შეფასება ხორციელდება უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;

    2.საჭიროებისამებრ, ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის წარსამართად ან მასში მონაწილეობის მისაღებად ფაკულტეტი იწვევს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტს.

 

მუხლი 41. აკადემიური პერსონალი

  1. ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან;
  2. (ამოღებულია - 12.02.2018, #1)
  3. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მას.
  4. ასისტენტი პროფესორების ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ფაკულტეტზე  მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.
  5. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება თსუ–ს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული ვადით. 
  6. აკადემიური თანამდებობის დაკავებისა და გათავისუფლების  წესი და პირობები, თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, ასევე აკადემიური პერსონალის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თსუ-ს წესდებითა და თსუ–ში მოქმედი რეგულაციებით. 

 

მუხლი 42. ადმინისტრაციული პერსონალი

  1. ფაკულტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნებიან: დეკანი, დეკანის მოადგილეები და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
  2. ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავებისა და ვადამდე გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თსუ-ს წესდებითა და თსუ-ში მოქმედი რეგულაციებით.

 

მუხლი 43. სამეცნირო-კვლევითი ერთეულების პერსონალი

ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევით ერთეულებში, რომლებიც არ წარმოადგენენ ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ან დამხმარე სამეცნიერო ერთეულებს, ერთიანდება კვლევითი საქმიანობის განმახორციელებელი პერსონალი.

 

მუხლი  44. მასწავლებელთა პერსონალი

  1. მასწავლებელთა  პერსონალს მიეკუთვნება  მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.
  2. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.

 

მუხლი 45. დამხმარე პერსონალი

ფაკულტეტის დამხმარე პერსონალს მიეკუთვნებიან უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული ფაკულტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პირები: სამსახურის უფროსი, მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია), მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია), წამყვანი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი უფროსი ლაბორანტი, ლაბორანტი, პროფესორის ასისტენტი და ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული (შტატგარეშე), ფაკულტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პირები. (ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის N4  სხდომის ოქმის საფუძველზე)

 

თავი X

სტუდენტი

მუხლი 46. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტი

  1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, თსუ-ს წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

    11. ფაკულტეტის პროფესიული სტუდენტი არის პირი, რომელიც კანონმდებლობითა და თსუ-ის შიდა  სამართლებრივი აქტებით დადგენილი   წესით ჩაირიცხა და სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე

  2. ფაკულტეტზე მოქმედებს  უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხური - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა.
  3. ფაკულტეტზე მოქმედებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
  4. ფაკულტეტზე ხორციელდება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
  5. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა  ჩარიცხვის წესი   განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით,  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, თსუ-ს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და ფაკულტეტის დებულებით.

 

მუხლი 47. საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვა  

  1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატში სტუდენტის ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა; ფაკულტეტზე ჩარიცხული ბაკალავრიატის სტუდენტი (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ჩარიცხვა ხდება კონკრეტულ საბაკალავრო პროგრამაზე)  თავად ირჩევს მისთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამას/პროგრამებს ძირითადი და, სურვილის შემთხვევაში,  დამატებითი სპეციალობის/სპეციალობების მისაღებად. 
  2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტი  გამოცდას აბარებს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების ენაში. გამოცდიდან თავისუფლდება ჩარიცხვის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს  ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს  ან/და უცხოეთში/საქართველოში არანაკლებ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ენაზე სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტს.
  3. მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საერთო სამაგისტრო გამოცდა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  შემთხვევებისა, და აკმაყოფილებს შესაბამის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად დადგენილ წინაპირობებს.
  4. მაგისტრატურაში მიღება ხორციელდება კონკურსის საფუძველზე.
  5. მაგისტარტურაში სწავლის გაგრძელების მსურველის (შემდგომში „კონკურსანტი“) საბუთების მიღებას ახორციელებს ფაკულეტეტის მიმღები კომისია, რომელიც მტკიცდება ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით;
  6. კონკურსანტის  ჩარიცხვა ხდება კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე   საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სპეციალობაში წერითი გამოცდის შედეგების საფუძველზე.  კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე   მიღების წინაპირობად შეიძლება განისაზღვროს  უცხო ენაში გამოცდის ჩაბარება ან სხვ.
  7. გამოცდა სპეციალობაში ტარდება წერილობითი სახით. საგამოცდო ნამუშევრები ფასდება 100–ბალიანი სისტემით. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას (მინიმუმ 51%). სპეციალობის გამოცდაში კონკურსანტთა ნაშრომებს ამოწმებს საგამოცდო კომისია, რომელიც მტკიცდება ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით. საგამოცდო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
  8. უცხო ენაში საგამოცდო ნამუშევარი ფასდება 100–ბალიანი სისტემით. უცხო ენის გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას (მინიმუმ 51%), თუ სამაგისტრო პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უცხო ენის გამოცდიდან თავისუფლდება კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელ შესაბამის სერტიფიკატს ან/და უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტს. უცხო ენაში საგამოცდო ტესტების მომზადებასა და საგამოცდო ნაშრომების გასწორებაზე პასუხისმგებელია თსუ ენების ცენტრი. 
  9. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატი აბარებს გამოცდას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების ენაში. გამოცდიდან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს  ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს  ან/და უცხოეთში/საქართველოში არანაკლებ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ენაზე სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტს.
  10. მაგისტრატურაში მისაღები საკონკურსო გამოცდა/გამოცდები ტარდება ფაკულტეტის მიერ (გამოცდა/გამოცდები ტარდება თსუ საგამოცდო ცენტრის ტექნიკური მხარდაჭერით).
  11. კონკურსანტთა საბუთების მიღების ვადები, მიმღები კომისიების მუშაობის რეგლამენტი, საკონკურსო გამოცდების განრიგი, საგამოცდო შედეგების  გამოქვეყნებისა და გასაჩივრების წესი, სამაგისტრო პროგრამების ამოქმედების პირობები განსაზღვრულია თსუ-ს  სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესებით.
  12. დოქტორანტურაში სტუდენტის ჩარიცხვა ხდება მოქმედი კანონმდებლობითა და       თსუ–ს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით განსაზღვრული წესით,  უცხო ენაში მისაღები გამოცდისა და სპეციალობაში გასაუბრების შედეგების საფუძველზე. (ცვლილებები შეტანილია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 26 მატრის N2  სხდომის ოქმის საფუძველზე)
  13. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან (60 კრედიტი) საგანმანათლებლო პროგრამაზე  სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების  საფუძველზე.
  14. სწავლის საფასური სწავლების ყველა საფეხურზე განისაზღვრება თითოეული  სასწავლო წლისათვის დადგენილი საუნივერსიტეტო ტარიფების შესაბამისად.
  15. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლის საფასურის  შეღავათის ოდენობას თითოეული დოქტორანტისათვის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე განსაზღვრავს  ფაკულტეტის საბჭო.   
  16. სტუდენტის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით,  თსუ–ს წესდებითა და თსუ–ში მოქმედი რეგულაციებით. 
  17. სტუდენტის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის, თსუ–ს წესდებისა და თსუ–ში მოქმედი რეგულაციებით.

 

მუხლი 48. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტური თვითმმართველობა 

  1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტური თვითმმართველობა შედგება ფაკულტეტზე ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე არჩეული სტუდენტებისაგან. 
  2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტური თვითმმართველობის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, თსუ-ს წესდებითა და თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით.  

 

თავი XI.

 ფაკულტეტის ბიუჯეტი და ფინანსები

 მუხლი 49. ფაკულტეტის ბიუჯეტი

  1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ბიუჯეტი წარმოადგენს თსუ-ს ბიუჯეტის შემადგენელ ნაწილს.
  2. თსუ-ს წესდებით დადგენილი წესით, ფაკულტეტი მონაწილეობს თსუ–ს ბიუჯეტის შემუშავების პროცესში.

 

მუხლი 50.  ფაკულტეტის ფინანსები 

ფაკულტეტი მის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის განკარგულებაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს თსუ–ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობით. 

 

თავი XII

ფაკულტეტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

მუხლი 51.  ფაკულტეტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

  1. ფაკულტეტის  დებულებას დეკანის წარდგინებით განიხილავს  ფაკულტეტის საბჭო და ამტკიცებს თსუ–ს  წარმომადგენლობითი  საბჭო. 
  2. ფაკულტეტის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.  

 

თავი XIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 52. დებულების მიღება და ამოქმედება

  1. დებულება დასამტკიცებლად გადაეცეს თსუ–ს წარმომადგენლობით საბჭოს. 
  2. დებულება ამოქმედდეს თსუ–ს  წარმომადგენლობით საბჭოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე.